საზოგადოება
ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.

როგორც ციბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.

„პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ვიცით და ველოდებით. მზად ვართ, ამ გართულებებისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრავმა, შოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, სადაც ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, შემდეგ მოხდა ჩვენთან გადმოყვანა“, - განაცხადა დავით ციბაძემ.
Print