საზოგადოება
ბორჯომში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი დახმარების მოლოდინში
ბორჯომში მცხოვრები ნათია სოროკინას გაჭირვების ამბავი თითქმის მთელმა საქართველომ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ახალ უბანში, ერთ-ერთ შენობაში თვითნებურაადაა შესახლებული.

უკიდურეს გაჭირვებას ემატება ნათიას უფროსი შვილის ავადმყოფობაც, რომელსაც დედის თქმით, სამედიცინო ცენტრში დიაგნოზი ვერ დაუსვეს. საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და მკურნალობას, რომელიც თანხებთანაა დაკავშირებული და ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მცირეწლოვანი ბავშვების დედას ხალხი ეხმარება. როგორც თავად ამბობს, ჰპირდებიან ბინის დასაქირავებლად თანხის შეგროვებასაც.

დახმარების შემთხვევაში, შეძლებს შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას. ამავე ტერიტორიაზე, დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემდეგ, მისი ფართით დაკმაყოფილება შესაძლოა სახელმწიფომაც უზრუნველყოს.

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ დედას ახლა ერთადერთი რამის ეშინია, სოციალურმა სამსახურმა შვილები არ ჩამოართვას.



Print