საზოგადოება
უკანონო „ბორდერიზაცია'' სოფელ დვანთან
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის ბოძებს და მავთულხლართებს ამონტაჟებენ.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუსის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Print