საზოგადოება
ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური ძვირდება
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარით განისაზღვრება; ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით. ასევე, ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.

“კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონი მიღების შემთხვევაში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

Print