ახალი ამბები
ცხოვრება "მიწისძვრების სოფელში"
3-4-5-6.... მაგნიტუდის მიწისძვრები აქ აღარავის უკვირს. შეჩვეულები არიან, რადგან ამ სოფელში მიწა ხშირად იძვრის, ხანდახან ბიძგები უფრო მძლავრიცაა. მიწისძვრა დღეში რამდენჯერმეც მეორდება. ადგილობრივები კი მიწის თითოეულ რყევას შიშით ხვდებიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფელ სამებაში 90-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ეს სოფელი ყოველთვის მიწისძვრის ეპიცენტრია. ამიტომ, "სამება" ყველასთვის ასოცირდება "მიწისძვრების სოფელთან"


"სამება" - საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია და საქართველო-სომხეთის საზღვარიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. ცხოვრობს დაახლოებით 25 ოჯახი.





სოფელში მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან ღიად საუბრობენ. მათთვის მთავარი სასაუბრო თემა - მიწისძვრაა. ამიტომ, მოსახლეობის მისამართით კითხვები სწორედ ამ თემაზე ისმევა. სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივი შევნიშნეთ და გავესაუბრეთ. როგორც ყველა აქ მცხოვრები, ისიც შეწუხებულია სოფელში მიწისძვრების სიხშირით. ამბობს, რომ მიწისძვრის დროს, განსაკუთრებით ბავშვების ეშინიათ.

"სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა ხდება ამ სოფელში. ამას წინათ, ერთ დღეს მიყოლებით მოხდა სამი მიწისძვრა. ხანდახან საკმაოდ ძლიერი რყევებია და ყველაზე მეტად ბავშვების გვეშინია, თორემ უფროსები შეჩვეულები ვართ ასე თუ ისე. სახლებიც დაბზარულია და კედლებიც. დღე კიდევ არაუშავს, ღამე მიწისძვრის გევშინია ხოლმე. სად უნდა გაიქცე?"


„ძალიან საშიში ზონაა. ერთხელაც დიდი მიწისძვრა იქნება და დაინგრევა ეს სახლები... მაგრამ როდის იქნება, ხომ არ იცი?“
- გვეუბნებიან ადგილობრივები. 




სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ჯავახეთის ქედის მიწისძვრები საშუალო კლასისაა. ამ კლასის მიწისძვრებით ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, ზოგადად, რაც სეისმული მოვლენების რეგისტრაცია დაიწყო, ჯავახეთში საშუალოზე დიდი მიწისძვრა ჯერ არ დაუფიქსირებიათ, დიდი ალბათობით, მეგამიწისძვრა არც ახლა უნდა მოხდეს, მაგრამ მხოლოდ „ალბათობით“. სეისმოლოგიაში რამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია.

მიუხედავად ასეთი რისკებისა, სოფლიდან წასვლაზე აქ არავინ ფიქრობს, ამისთვის ბევრს უკვე აღარც ასაკი აქვს და აღარც ცხოვრების ხელახლა დაწყების საშუალება. ზოგს საქონელი და მეტ-ნაკლებად აწყობილი მეურნეობა აჩერებს, ზოგს - სამსახური. ზოგი კი უშიშარია და შეჩვეულია "მიწისძვრების სოფელში" ცხოვრებას. 





Print