საზოგადოება
აქცია სოფელ ტბაზე - რას ითხოვენ ადგილობრივები და დამსვენებლები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მცხოვრებლები და დამსვენებლები მაღალი ძაბვის ელეტრო ბოძების გაყვანას აპროტესტებენ. ისინი დღეს, 6 აგვისტოს, სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ იმ მოთხოვნით, რომ მათ საკარმიდამო და სახნავ-სათეს მიწებზე არ გაიაროს მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემმა ხაზებმა. მათი თქმით, ეს საფრთხის შემცველია როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე საკურორტო ზონისთვის. ისინი შიშობენ, რომ სოფელი დაკარგავს ხიბლს დამსვენებლებისთვის.



ცნობისთვის, სოფელ ტბაზე, ამ დროისათვის სამუშაოები ნაწილობრივ შერულებულია. სამუშაო პროცესს, კერძო კომპანია, "ენერგო პრო ჯორჯია" ახორციელებს.



ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ და მათთვის უცნობია, რა სიმძლავრის იქნება ელექტროგადამცემი ხაზები.


ადგილობრივებს დღეს ბორჯომის მერის მოადგილე, გიორგი ტაბატაძე შეხვდა და მათი პრეტენზიები მოისმინა. მან შეკრებილებს დაპირება მისცა, რომ საქმეს უკეთესად შეისწავლის და მოსახლეობას შემდეგში ენერგო პრო ჯორჯიას წამომადგენელთან ერთად შეხვდება.


შეგახსენებთ, დღევანდელ აქციას წინ უძღვოდა პეტიცია, რომელიც სოფელ ტბის მაცხოვრებლების და დამსვენებლების ინიციატივით შეიქმნა. "ბორჯომულას ხეობა საფრთხეშია" - ამ პეტიციას უკვე 400-მდე ხელმომწერი ჰყავს. 500 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ისინი სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვას აპირებენ
Print