საზოგადოება
„მედიახმა''- რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა ბორჯომში
„მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ - პროექტის ფარგლებში, ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში ორ დღიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პირველ დღეს რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე დღეს კი დისკუსიას შეურთდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. განიხილეს შემდეგი თემები: თვითცენზურა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ფემიციდი და მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების სპეციფიკა. ტრენინგი რეგიონებში მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
სესიები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სოლიდარობის დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს შორის. ხელი მოაწერეს ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მარიამ გერსამიამ და მარინა კუპატაძემ.
პროექტი გრძელდება და მომდევნო თვეებში, მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები მედიის წარმომადგენლების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ასევე გრძელდება სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია „მედიახმა“, სადაც ჟურნალისტები კონკრეტულ მესიჯებს ავრცელებენ.
პროექტის „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და „პუბლიკა“.
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა
მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


Print