საზოგადოება
საკირეში მკვლელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეში, ცოლის დაჭრისა და 40 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, კ.ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო-საქართველოს პროკურატურა 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცავებმა კ.ს დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Print