დღეს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება
მტკვრის დაცვის დღე საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის" ინიციატივით,
1999 წელს დაარსდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ
მონიტორინგს, ყოველთვიურად, 19 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 33
წერტილში ახორციელებს. აღნიშნული კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული
სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის,
წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მდინარე
მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში, ადგილზე
ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და
არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს
ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება
ცნობილი.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდ. მტკვრის აუზი
ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ
საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და
ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188
000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს
შეადგენს.