ახალი ამბები
23-27 მაისს თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.

მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

შეზღუდვები სრულად მოიხსნება 27 მაისს, როდესაც ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟი მოხდება.
Print