საზოგადოება
დღეს კვირაცხოვლობაა
დღეს, პირველ მაისს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღეს აღდგომის დღესასწაულის განახლებაა.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

Print