საზოგადოება
"დღეიდან ბორჯომის ქარხანა გაურკვეველი ვადით მუშაობას წყვეტს" - პროფკავშირი
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის განცხადებით, დღეიდან, 29 აპრილიდან, “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის, დაბლოკილი ანგარიშების და სანქცირებული მფლობელის გამო გაურკვეველი ვადით მუშაობას წყვეტს.

ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, ცდილობენ ქარხნისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას რის შემდეგაც დასაქმებულებს, წარმოუდგინეს გამოსავლის რამოდენიმე ვარინტი. შეხვედრას ესწრებოდა "ლაბორის" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე. ისინი დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობასაც მიმართავენ.

"გვესმის და ვაცნობიერებთ შექმნილ მძიმე მდგომარეობას, საწარმოოო ინტერესებიდან გამომდინარე დასაქმებულებმა უკვე დათმეს გარკვეული სახის ანაზღაურება ქარხნის სამუშაო პროცესის შენარჩუნებისთვის, რაც მათ კორპორატიულ პატრიოტიზმზე მიუთითებს, თუმცა არსებობს ზღვარი რის შემდეგაც შეუძლებელია ოჯახების სოციალურად უზრუნველყოფა და არსებობა. ეს ის მომენტია, როდესაც პროფკავშირმა, დამსაქმებელმა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და საწარმოო პროცესის გადასარჩენად, ოღონდ არა დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური და შრომით-სამართლებრივი პირობების გაუარესების ხარჯზე. მზად ვართ დავიცვათ პროფკავშირის თითოეული წევრი, მათი სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო. საქართველოს მთავრობა იმედი გვაქვს იბრძოლებთ ჩვენთან ერთად, სამუშაო ადგილების, საწარმოო პროცესის, დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ან მინიმუმ ბორჯომის ქარხანაში არსებული პირობების შენარჩუნებისთვის. პროდუქტისთვის რომელიც ქართულია და საქართველოს წარმოდგენს, ბორჯომის წყალი ჩვენი ელჩია მსოფლიოში და დღეს მას დცვა სჭირდება.

დღეს მძიმე დღე გვიდგას, თუმცა გვახსოვს ერთად როგორ იდგა ბორჯომი, დღესაც ერთად დგას და ასე იქნება მუდამ! ერთად მივიღებთ საერთო, ქვეყნის, ბორჯომის, ბორჯომის ქარხნის თითოეული დასაქმებულის, წევრისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას"
- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "ბორჯომი" აღნიშნულ საკითხზე IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. კომპანიაში გვიპასუხეს, რომ დღის განმავლობაში აღნიშნულის შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.



ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული და მათ შორის არის კომპანია IDS ბორჯომი საქართველო.



შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალი საქართველოში 1997 წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიაა. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა. 

აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.



Print