ახალი ამბები
"მაინც დავიცავთ წესებს" - ბორჯომის სარიტუალო დარბაზის მეპატრონე რეგულაციების შემსუბუქებაზე
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ბორჯომის სარიტუალო დარბაზის მეპატრონე კობა სარალიძე. თუმცა, მისი თქმით, კოვიდრეგულაციების შემსბუქების მიუხედავად, წესებს ადგილზე მაინც დაიცავენ. სარალიძის განმარტებით, უკვე დიდი ხანია სარიტუალო დარბაზი მორგებული აქვს კოვიდპანდემიის პირობებს. იმედოვნებს, რომ მდგომარეობა ეტაპობრივად დასტაბილურდება.

"რაც შეგვეძლო ვიცავდით არსებულ რეგულაციას. ჩვენი დარბაზი დაახლოებით 320 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა კოვიდ პანდემიის პირობებში შევცვალეთ მაგიდების და სავარძლების განლაგება. დისტანციის დასაცავად შევამცირეთ მათი რაოდენობა და ამჟამად დარბაზში შესაძლებელია 100-120 ადამიანის განთავსება. პანდემიის პირობებში მომართვიანობაც საგრძნობლად შემცირდა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ ეს ბიზნესი საერთოდ გაქრებოდა. მაგრამ, ეს საქართველოა და ასე უცებ ვერ გაქრა. იმედი მაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ დალაგდება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება. ჯერ-ჯერობით არაფერს ვცვლით და ვტოვებთ იგივე განლაგებას დარბაზში. მოლოდინი არ მაქვს, რომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გამო უცებ გაიზრდება მომართვიანობა, რადგან მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მოგეხსენებათ არც თუ ისე სახარბიელოა. ჩვენ გავაგრძელებთ წესების დაცვით მუშაობას იქამდე, სადამდეც ამის საჭიროება იქნება" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ბორჯომის სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ კობა სარალიძემ. 


საკოორინაციო საბჭომ დღეს, 22 თებერვალს,  გარკვეული კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. უფრო ვრცლად გაიგეთ სტატიიდან: საქართველოში მარტიდან კოვიდრეგულაციები შემსუბუქდება
Print