საზოგადოება
ბორჯომში, ახალ უბანში, დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება
დღეს, 11 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს. მათ კენჭი უყარეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.


ახალ უბანში, რობაქიძის ქუჩის მიმდებარედ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია დევნილებისთვის, საცხოვრებელი სახლის აშენება.

მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა. საუბარია 1257 კვ. მ ფართობზე. მის მიმდებარედ არის კიდევ 2863 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და შემდგომში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დევნილებისთვის იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.

"ახალ უბანში, სადაც ადრე, დასუფთავების სამსახურის მანქანები იყო განთავსებული, ასევე მის მიმდებარედ არის ყოფილი ლაბორატორიის შენობა, რომელიც გაერთიანდება და დევნილებისთვის აშენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და დასასვენებელი სივრცე. მშენებლობა სავარაუდოდ მარტიდან დაიწყება და საერთო ჯამში დაკმაყოფილდება დაახლოებით 126 დევნილი ოჯახი, რომლებიც ამ დრომდე  სანატორიუმ ლიკანისა და ბორჯომის შენობებში ცხოვრობენ. მათთან ერთად ბინებით დაკმაყოფილდება სავარაუდოდ ის შვიდი ოჯახიც, რომლებიც ახალ უბანში ამ ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობენ. ამ კორპუსის აშენების შემდეგ, ბორჯომში ყველა დევნილი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ბინით" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა. 

Print