ახალი ამბები
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ინფორმაციას ამის შესახებ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მონაკვეთზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print