საზოგადოება
დიდთოვლობა და გადაადგილების პრობლემა ბორჯომში
დიდთოვლობამ, ისევე როგორც სხვაგან, პრობლემები შექმნა ბორჯომშიც. ქალაქის ქუჩებში გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მანქანის მძღოლებს. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოებიც, სადაც ჩანს საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა და საცობები გზებზე. ადგილობრივების უმრავლესობა გადაადგილების სირთულეებზე საუბრობს. მათი თქმით, გზის მონაკვეთები თოვლისგან ძირითადად ცენტრში იწმინდება, გარეუბნები კი პრობლემად რჩება. მძღოლების ნაწილი კი ამბობს, რომ გზები გაწმენდილია და გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ აქვთ.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ როგორც ბორჯომში ასევე ბაკურიანის მიმართულებით გზები იწმინდება. ცენტრალურ გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. სოსო რაზმაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, დროულად მოახდინოს თოვლისგან გზების გაწმენდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ზამთრის სეზონისთვის მზად არიან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თოვა ორი დღეა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურიდან ნინოწმინდამდე სამანქანო გზებზე, გადაადგილების მხრივ შეზღუდვებია დაწესებული. სინოპტიკოსები ხვალიდან ნალექის შემცირებას პროგნოზირებენ.



Print