ახალი ამბები
თბილისში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა
დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, 50 თეთრის ნაცვლად, ერთი ლარი იქნება.

„მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, თუ მოქალაქე აბონემენტს იყიდის, ცალკე სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრს აღარ გადაიხდის და ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებს, ანუ თუ დღეს ყვითელ მიკროავტობუსში დამატებით 80 თეთრს იხდით, 2022 წლიდან დამატებით არაფრის გადახდა აღარ მოგიწევთ. იგივე იქნება ერთჯერადად გადახდილი 1 ლარის შემთხვევაშიც. მიკროავტობუსები ჩანაცვლდება და გადახდის ერთიანი სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.
Print