საზოგადოება
ანტონ ობოლაშვილის შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან - გამჭირვალობის ანგარიში
სამცხის მაჟორიტარის, ანტონ ობოლაშვილის დეკლარირებული შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან 1 418 917  ლარს შეადგენს. პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს. ანგარიში დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაასაჯაროვა.  ვრცლად ანგარიში ნახეთ აქ.

პარლამენტის დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად, უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს. მათ შორის არის ანტონ ობოლაშვილიც.


შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:

კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) - 11 268 533.54 ლარი;

ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) - 1 528 556 ლარი;

ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 418 917.5 ლარი;

ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 263 590.42 ლარი.


„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც.

არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი კი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს.

პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია კვლევაში მოცემულია 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.



პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა ოფიციალური წყაროების (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი, პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დამუშავების შედეგად მოგროვებულ ინფორმაციას.



Print