საზოგადოება
პროექტში "მოხალისე’’ ჩართულ პირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწავლო კურსი ჩაუტარდათ
პროექტში "მოხალისე"" ჩართულ პირებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებრივ პროექტში "მოხალისე"" ჩართულ პირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში თეორიული სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სულ ოცამდე მოხალისე მონაწილეობდა. სპეციალური სწავლების ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მოდულები, როგორებიცაა: ფსიქო-სოციალური მართვა, კატასტროფების მართვა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. აღნიშნული საკითხების შესახებ მსმენელებს ინფორმაცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ერთობლივ პროექტს "სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით" მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.
პროექტის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ საპილოტე რეგიონებში მოხალისეთა ჯგუფების მომზადება და გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ერთობლივად ხდება. სასწავლო კურსის თეორიულ ნაწილს მონაწილეებს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელები აცნობენ, ხოლო პრაქტიკულ კურსს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინსტრუქტორები უძღვებიან.

საზოგადოებრივი პროექტი "მოხალისე" სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში სპეციალურად გადამზადებულ მოქალაქეთა ჩართულობას გულისხმობს. პროექტის განხორციელება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაიწყო და დღეს უკვე, "მოხალისეთა" რიგებში 235 გადამზადებული მოქალაქე ირიცხება. უახლოეს მომავალში ანალოგიური პრაქტიკის დანერგვა საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში იგეგმება.
Print