საზოგადოება
„ქართული ოცნების“ აქციაზე ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი მიდის“ - გიორგი ფერაძე
ბორჯომში, ქალაქის ცენტრში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან და თბილისში წასასვლელად ემზადებიან. დღეს, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას ბორჯომიდანაც უერთდებიან. კოლონები ქალაქიდან 12:00 საათზე დაიძვრებიან. მმართველი გუნდის დაორგანიზებულ შემაჯამებელ შეკრებას ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება - აცხადებს „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი გიორგი ფერაძე.


ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილებს შორის, რიგით მოქალაქეებთან ერთად შეინიშნებოდნენ საჯარო მოხელეებიც.

„ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება თბილისში შემაჯამებელ შეკრებას. მოქალაქეებთან ერთად მანქანებით 12:00 საათზე დავიძვრებით თბილისისკენ“ - აცხადებს გიორგი ფერაძე.



კითხვაზე - აქციას უერთდებიან თუ არა ბორჯომის ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები?
„ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსმა გვიპასუხა, რომ შემაჯამებელ შეკრებას ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ნაკლებად უერთდებიან.


შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზე იგეგმება თბილისში, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.
‘’ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“- განაცხადა კობახიძემ.

Print