საზოგადოება
ცემში მცხოვრები მოსახლეობა, ლიანდაგზე გადასასვლელ გზას ითხოვს.
სოფელ ცემში, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ლიანდაგზე გადასასვლელ გზას ითხოვს. ადგილობრივებს ამჟამად ალტერნატიული სამანქანო გზა არ გააჩნიათ, რაც დამატებით პრობლემებს უქმნით. ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თამაზ კვახაძემ საკითხის მოსაგვარებლად არაერთ უწყებას მიმართა. პრობლემით დაინტერესება სთხოვა ჯერ ბორჯომის მუნიციპალიტეტს, შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ადმინისტრაციას, ბოლოს კი საქმე სასამართლომდე მივიდა. განიხილა რამდენიმე ინსტანციამ. ახლა ჯერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა.

უალტერნატივო სამანქანო გზის გამო, აქ მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს მიწის ნაკვეთების დამუშავება და ადგილამდე ტექნიკის მიყვანა. გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით ტერიტორიას ტურისტული დანიშნულებაც აქვს და ადგილზე მოსული ვიზიტორები ხშირად ეიფელის ხიდით ინტერსდებიან. მათი განმარტებით, უცხოელი ტურისტები კვადროციკლებით ვერ გადაადგილდებიან და ძირითადად ფეხით უწევთ სარკინიგზო ლიანდაგის გავლა. არც მინიშნება არსებობს, რომ ტერიტორიაზე მატარებელი მოძრაობს.

ტელეკომპანია ბორჯომი დაუკავშირდა ყველა იმ უწყებას, რომლებიც ჩართულები არიან სადავო საკითხში. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ადმინისტრაციაში კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს და გვითხრეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში გვიპასუხეს, რომ აღნიშნული საკითხი მათი კომპეტენცია არ არის და საქართველოს რკინიგზისთვის მიგვემართა. საქართველოს რკინიგზაში კი ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხეს:"მითითებულ საკითხთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს სასამართლოში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხის მოკვლევის, კერძოდ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასასვლელის მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზამ მიმართა სს "საქართველოს რკინიგზას", რის საფუძველზეც რკინიგზაში შეიქმნა კომპლექსური კომისია შესაბამისი ტექნიკური და უსაფრთხოების ექსპერტთა ჩართულობით. კომისიის დასკვნით, სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მოთხოვნილ ადგილას გადასასვლელის მოწყობა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან მატარებლებისთვის აღნიშნულ ადგილას არის ნულოვანი მხედველობა, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც მგზავრთა გადაადგილებას, ასევე, იქ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს და მათ მგზავრებს. ნათქვამია განცხადებაში.

ახლა ყველა მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. სხდომა სავარაუდოდ 15 ივლისს არის ჩანიშნული. სხვადასხვა ინსტანციის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო და მოუგვარდებათ თუ არა ცემში მცხოვრებლებს მრავალწლიანი პრობლემა, სასამართლოს გზით გაირკვევა.


Print