საზოგადოება
პროკურატურამ, „TV პირველის“ ოპერატორის ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა
პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

Print