საზოგადოება
დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - კახა კუჭავა
მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ის უზრუნველყოფს, რომ დაიცვას ბალანსი და ხელი შეუწყოს პარლამენტში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.
"სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მე ვიტყოდი, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას. ყველას დიდი მადლობა, ვინც იზრუნა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩამდგარიყო. მე მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას."
- აცხადებს კუჭავა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

Print