საზოგადოება
ღონისძიებებისთვის სახლებისა და სხვა სივრცის გაქირავება აიკრძალება - ბექა ფერაძე
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ღონისძიებებისთვის სახლებისა და სხვა სივრცის გაქირავება აიკრძალება. როგორც ფერაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უთხრა, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება სოციალური ღონისძიებების მიზნით არ მოხდება.

მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა ეს დათქმა არ შეასრულა. ბექა ფერაძე ამბობს, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ინფორმირებული მფლობელი ფართით სარგებლობის რეალური მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ბექა ფერაძის განმარტებით, მსგავს არგუმენტს იგივე ფართის მეორედ და მესამედ გაქირავების შემთხვევაში საფუძველი ვერ ექნება და, შესაბამისად, მფლობელებისთვის სანქციებისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ვერ იმუშავებს.

Print