საზოგადოება
გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთისგან ემუქრება. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, 88%-მა რუსეთი დაასახელა, 7-7%-მა აზერბაიჯანი და თურქეთი, 7%-მა - შეერთებული შტატები, 4%-მა -ირანი, 3%-მა - სომხეთი, 2%-მა - ჩინეთი, გამოკითხულთა თითო პროცენტზე ნაკლები მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე უკრაინა და ევროკავშირია, 3%-მა კი არ იცოდა ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები IPM -ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
Print