საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახი კახიშვილი მედიის რეგულაციას ითხოვს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი, ფაქტობრივად არ აქვთ. იგი მიიჩნევს, რომ ყველაფერს და მათ შორის მედიასაც, სჭირდება რეგულაცია.

„ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც, ფაქტობრივად, პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომლებიც აბსოლუტურად კავშირში არ არის, 1%-ითაც… უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები“, - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი.

„დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი "ჟურნალისტი" და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი, არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და 3 სტატუსს დაწერს. სხვათა შორის, "პალიტრაზე" მეც ორი წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებსაც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა "პალიტრაზე", შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ“, - თქვა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კახა კახიშვილის მედიის რეგულირების სურვილს ხსნის იმით, რომ მედიის მიერ მომზადებული მასალების გასაჩივრების ახლა არსებული ორი მექანიზმი, ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და სასამართლო, მას არ აკმაყოფილებს, ვინაიდან ორივე გზით განხილვას დიდი დრო სჭირდება და ქარტიის შემთხვევაში „არავინ იცის, რა შედეგს გამოიტანენ“, სასამართლოში კი განხილვები შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

„ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რომ მედიას დავუწესოთ, რა გააშუქოს და არა არა. უნდა ვისაუბროთ იმაზე, სასამართლო განხილვები, რომელიც დროში არ არის რეგლამენტირებული, დავარეგლამენტიროთ. სარჩელი თუ შევიდა, რა ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლემ“, - ასე დააზუსტა დეპუტატმა მედიასთან სხდომის დასრულების შემდეგ, თუ რას გულისხმობდა მაშინ, როცა მედიის რეგულირების საჭიროებაზე ლაპარაკობდა.

Print