Error
საზოგადოება
1 აპრილიდან სახერხებზე ვიდეოკონტროლი დაწესდება
2021 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის კანონი რომელის მიხედვითაც სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით. ახალი რეგულაციების მიხედვით, კიდევ უფრო მკაცრდება ის მოთხოვნები, რაც სახერხი საამქროების ფუნქციონირებას სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სახერხი საამქროების მფლობელებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საამქროების მფლობელებმა სუბარს მიმართეს თხოვნით, ახალი რეგულაციების ამოქმედება გადავადდეს.

შეხვედრაზე საამქროების მფლობელებმა აღნიშნეს, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები ადგილობრივ ბიზნესმენებს მძიმე ტვირთად დააწვება. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმებაც მიზანშეწონილი იქნებოდა.

პირველი აპრილიდან ასამოქმედებელი ნორმების მიხედვით, აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა) გარშემო 500-მეტრიან ზონაში; საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში, ხოლო სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს მტვრის საწინააღმდეგო სარქვლიანი რესპირატორებით, პერსონალური ხმაურდამცავი საშუალებებით.
სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

Print