საზოგადოება
"შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია".
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა. ამიტომ შესაძლებელია შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.
"ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ ზემოთ აიწია. ეს იმის ნიშანია, რომ შემსუბუქების პერიოდში შესაძლებელია გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება გვქონდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ის რეკომენდაციები რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. ესაა, პირბადე ყველგან, შიგნით და გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეში, მუდმივად მისი ტარება, მეორე - დისტანციის დაცვა, მესამე - ხელების ხშირი დაბანა და თავის არიდება ყოველგვარი დიდი შეკრებების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს შეკრება. რომელიც არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი", - განაცხადა გამყრელიძემ.

სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა.
„დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია.
პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Print