საზოგადოება
რა ხდება პრემიერ მინისტრის გადადგომის შემდეგ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. საქართველოს კანონმდელობით პრემიერის გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატურა 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ნდობის მისაღებად.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ასევე 2 დღის ვადაში უნდა დანიშნოს მთავრობის სხვა წევრები. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

Print