საზოგადოება
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება
27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთავარი საკითხი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.
საკითხს 26 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რიგგარეშე სხდომაზე ყველა იმ დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, რომელთაც შესაბამისი განცხადებები დაწერეს.
"ვადები იწურება. რაკი რიგგარეშე სესიას ვიწვევთ, ვადები ისეა, რომ საკითხს განსახილველად გავიტანთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

Print