საზოგადოება
შენგენის ზონაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეები დამატებით შემოწმებას გაივლიან
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობისთვის საჭირო საბუთებს საქართველოს საზღვრის პოლიციაც შეამოწმებს. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე.

ეს კრიტერიუმებია:
• თუ პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;
• თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
• თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
• სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);
• შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანონპროექტის ავტორი 9 დეპუტატია, რომლებიც განმარტებით ბარათში აღნიშნავდნენ, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაიწყოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. მათივე განმარტებით, ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის ფარგლებში ღიად აფიქსირებენ, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები "არაკეთილსინდისიერი" მოქალაქეების რაოდენობის შესამცირებლად.
"ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები".


Print