საზოგადოება
პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 4 მილიონით იზრდება
2021 წელს საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 64,7 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, 2021 წელს არ შეცვლილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება და 2020 წლის მსგავსად 6,3 მილიონი ლარია, ასევე საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება 2020 წლის დონეზეა და 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი 70,3 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 2,3 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის დამტკიცებულ გეგმაზე. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 69,2 მილიონ ლარს შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და 2020 წლის დამტკიცებულ გეგმას (68,7 მლნ ლარი) ნახევარი მილიონი ლარით აღემატება. მიმდინარე წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება და 16 მილიონ ლარს შეადგენს მთავრობის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება.

41,4 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს პროკურატურის დაფინანსებისთვის; 60,4 მილიონი ლარი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის; 13,8 მილიონი ლარი საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის; 137,5 მილიონი ლარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.


Print