საზოგადოება
ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 32 წლის გახდებოდა
ბაკურიანელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 25 ნოემბერს, 32 წლის გახდებოდა, იგი 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერში ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარი ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.
მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა.

2018 წელს, სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა წიგნი, რომელიც 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს. წიგნში შესულია ნოდარის ოჯახის წევრების, მეგობრების, ოლიმპიელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების მოგონებები.

Print