ახალი ამბები
რატომ და ვის მიერ ვრცელდება დეზინფორმაცია სამცხე-ჯავახეთზე
გიჩვენებთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა, ერთ-ერთი სომხურენოვანი გვერდის მიერ, რომელსაც 41 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიდეოში საუბრობს მოქალაქე, რომლიც კადრში არ ჩანს. სომხურ ენაზე ის ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, კერძოდ ბორჯომში და ვიდეოს მობილური ტელეფონით სწორედ ამ ქალაქში იღებს. ის ამბობს, რომ ბორჯომში თითქოს მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ამზადებენ აზერბაიჯანში გასაგზავნად. ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ვიდეოში სომხურ ენაზე საუბრობს. 

შეგახსენებთ, ვიდეო სოციალურ ქსელში 3 ოქტომბერს აიტვირთა და გაზიარდა ჯგუფებში, მოჰყვა გამოხმაურება მომხმარებლების მხრიდან, თუმცა გაურკვეველია სად და როდის არის ეს ვიდეო გადაღებული.

აღნიშნულ ვიდეოს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა სომხეთის საელჩო საქართველოში. ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ

"ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც ანონიმური პირი ამბობს რომ ბორჯომში გადაიღო სამხედრო ტექნიკა, რომელიც აზერბაიჯანში უნდა გადაიტანონ, არ შეესაბამება სიმართლეს. ვიდეოში გადაღებული სამხედრო ტექნიკა ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მისი გადაადგილება უკავშირდებოდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს. საელჩო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და არასასურველი შედეგები".

სწორედ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელების თემაზე, "დღის ამბები"-ს შეკითხვებს პასუხობს მედიის განვითარების მკვლევარი მაიკო რატიანი.

Print