ახალი ამბები
"მძღოლები იყვნენ შიგნით, სანამ კარები არ ჩაჭრეს, ვერ ამოიყვანეს" - ავარიის დეტალები ბორჯომიდან
ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" ავტომანქანა შეეჯახნენ. დაშავებული მძღოლები და მგზავრები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში კვლევებს გადიან. პაციენტებს მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ღია ჭრილობები აღენიშნებათ. მათ შორის ერთი ბავშვია.


ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლების მანქანიდან ამოყვანა გართულდა.

ავარიის გამო, ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებული იყო. გადაადგილების შეზღუდვა ნელ-ნელა იხსნება.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეს უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ. თვალი ადევნეთ ტელეკომპანია "ბორჯომის" ვებ-გვერდს: www.borjomi.tv

Print