საზოგადოება
ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს , - პატრიარქი
შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმას, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა.

ერთი შემთხვევა იყო, სტუდენტებმა მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით, დავრჩით ორი სტუდენტი და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი ამ სტუდენტს, ამიტანა შიშმა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? - მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ სტუდენტები, რომლებიც მელოდებოდნენ მოვიდნენ-მეთქი. მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილაზე რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები, გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა, ის სტუდენტი, რომლისაც მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი. მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. "

Print