ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა. "ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც დაახლოებით 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე" - განაცხადა ჩიქოვანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

"გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტების და შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება" - განაცხადა ჩიქოვანმა.
Print