ახალი ამბები
ბორჯომის აგრარული ბაზარი არ გახსნილა
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 27 აპრილიდან დასაშვები გახდა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება.ვინაიდან ბორჯომის ბაზარი დახურულ სივრცეშია განთავსებული,კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო, ბაზარი კვლავ დაკეტილია.იმავე მიზეზით ფუნქციონირება არ განუახლებია არც ახალციხის ბაზარს.
  • შეგახსენებთ,რომ ბორჯომში არსებული ბაზარი 8 აპრილს დაიხურა.
აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით,დღეს განცხადება გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.მისი განცხადებით ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შესაბამისად, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

„ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ეს მოთხოვნები ეხება როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ მდგომარეობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და იმ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
Print