საზოგადოება
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა დაეხმარება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული ის ეკონომიკური აქტივობები შეაჯამა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ადამიანური შედეგების შემცირებისკენ იყო მიმართული. ანგარიშში, ნახსენებია საქართველოს მთავრობის მიერ 2 მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფის შესახებაც და მოყვანილია ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათები. საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადები დაუფარა ღარიბ სეგმენტს.
„6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდიაც გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა. ის ბიზნესები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს, ასევე მიიღებენ დაფინანსებას. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.
მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის ამოქმედებასაც, რათა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღორძინებას დაეხმაროს“,- ნათქვამია ანგარიშში.

Print