ახალი ამბები
ბორჯომის აგრარული ბაზარი ამ დრომდე არ გახსნილა
ბორჯომის აგრარული ბაზარი, რომელიც 8 აპრილის შემდეგ დაკეტილი იყო, დღეს, 10 აპრილს უნდა გახსნილიყო. ამის შესახებ განცხადება გუშინ, ტელეკომპანია "ბორჯომთან" მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ობიექტში ჩატარდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები და გახსნის შემდეგ გაკონტროლდებოდა მოქალაქეების შესვლის და პროდუქტის გაყიდვის პროცესი. სავაჭრო ობიექტში გუშინ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა,  ამ დრომდე არ გახსნილა. 

ბორჯომის აგრარულ ბაზარში ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ადგილზე ამოწმებენ არსებულ მდგომარეობას. მათი მითითებით, შენობაში მყოფი მოვაჭრეები აწესრიგებენ საკუთარ ტერიტორიებს და ზედმეტი ინვენტარი გამოაქვთ გარეთ.



მომხმარებლები მიდიან ბაზარში სავაჭროდ, თუმცა შიგნით შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან ბაზარი დაკეტილია და მოქალაქეები უკან ბრუნდებიან. ამ დრომდე, ადგილზე არ იმყოფებიან ბაზრის ეზოში მყოფი მოვაჭრეები. 

როგორც ცნობილია, ბორჯომის აგრარული ბაზარი იმ შემთხვევაში გაიხსნება თუ დააკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს. როდის დაიდება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია და როდის გაიხსნება სავაჭრო ობიექტი ამ დრომდე უცნობია. 

ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და როგორ განვითარდება მოვლენები, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.
Print