Error
ახალი ამბები
ახალციხეში შემსვლელ/გამომსვლელ მანქანებს და მოქალაქეებს ამოწმებენ
ახალციხეში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ერთი საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, მეორე კი ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზეა.
ახალციხეში როგორც ქალაქიდან გასულ, ისე შემოსულ მგზავრებს, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, პირველ რიგში შსს–ს თანამშრომლები ამოწმებენ, შემდეგ კი თერმოსკრინინგის გასავლელად სპეციალურად გაშლილ კარავში შეჰყავთ.

ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო კარანტინის გამო, მანქანაში სამზე მეტი პირის ყოფნა და ასევე მძღოლის გვერდზე ჯდომა იკრძალება. პოლიცია სწორედ ამას აკონტროლებს.

აღნიშნული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში პირი ჯარიმდება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ორი დღის განმავლობაში მოქალაქეებს გააფრთხილებენ და დაჯარიმებას შემდეგ დაიწყებენ.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, მაგალითად დღეს, პირველ აპრილს საბარგო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო პუნქტზე პატრულმა გააჩერა მანქანა, სადაც მგზავრი მძღოლის გვერდით იჯდა.

მძღოლმა პოლიციას უთხრა, რომ მათ არ იცოდნენ ამ შეზღუდვის შესახებ.

„ახალაქალაქიდან ჩამოვედით, არ ვიცოდი რომ ეს არ შეიძლებოდა, საავადმყოფოში გვაქვს საქმე. ვიცოდი რომ პირბადე უნდა მკეთებოდა და მიკეთია კიდეც“ - გვითხრა მძღოლმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბმა მძღოლს გაფრთხილება მისცეს. პრესსამსახურში კი გითხრეს, რომ პირველ ჯერზე, რადგან ეს ინფორმაცია ახალია მოქალაქეებს აფრთხილებენ და აკრძალვას აცნობენ.

ავტომობილის შემოწმების შემდეგ, მგზავრები თერმოსკრინინგს გადიან. ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

პროცედურის გავლისთვის მგზავრები რიგ-რიგობით შედიან სპეციალურად გაშლილ კარავში, სადაც შესაბამისი აღჭურვილობით თავდაცვის ძალების თანამშრომელები თერმოსკრინინგს უტარებენ, სიცხეს უზომავენ და ეკითხებიან ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაიმე ხომ არ აწუხებდათ. ამის შემდეგ პირები ტოვებენ პუნქტის ტერიტორიას. მანამდე კი სადეზინფექციო ხსნარით გარედან მუშავდება მანქანა.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომი აქვს, სიცხე ან სხვა რამ, მას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, ამიტომ პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

Print