სამართალი
მამაკაცმა, რომელმაც ცოლის გაგუდვა სცადა, თავი მოიკლა
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი ნახეს. შემთხვევა 11 თებერვალს, დილით მოხდა. ცხედარი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში იპოვეს. ამ წუთებში გვამს ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილი მ.ქ. გუშინ, 10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მას სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. მას შემდეგ, რაც შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა, სახლიდან გაიქცა. მეზობლებმა თვითმკვლელობის ამბავი "მეცხრე არხისგან" შეიტყვეს.

"ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. საწყალმა არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუშინდელს აქეთია პოლიცია დადის", - გვითხრეს მეზობლებმა.

სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამნოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: tv9news.ge
Print