ახალი ამბები
მე და ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია - ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს
თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ცემის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ის, რასაც საგამოძიებო უწყება აკეთებს "უხერხულია", რადგან თავს თავად მას დაესხნენ.

"საბრალდებო დასკვნა, როცა ჩამბარდა და გამომაცხადეს, რომ ამ ქართველ ბიჭს, რომ დაერიე და სასტიკად გაუსწორდიო. გამოძიება ამბობს, რომ ე.ი. მე და ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად ნორმალურია, დაგეგმეს პროვოკაცია, დაგეგმეს მოპარვის ლაჩრულად თავდასხმა. შემდეგ ახლა ამბობენ, რომ ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო", — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს, 31 იანვარს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება  ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


Print