სამართალი
საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, თავისი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის [საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა] მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის [საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა] მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს არ არის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის პირველი შემთხვევა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებულს 2022 წლის აპრილში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებულმა 2021 წელს სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით, მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა.
Print