ახალი ამბები
ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბორჯომელია
ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.



ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. აქედან ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნარი კაჯაევა წარმოშობით არის ბორჯომიდან. ნარკოტიკების დილერი, ორგანიზებულ ჯგუფს სავარაუდოდ თურქეთიდან მართავდა. თურქეთშია გადარიცხული, ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებული მილიონები. ბორჯომში, ნარი კაჯაევას რეგისტრირებულ მისამართზე, რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. ახალ უბანში მცხოვრები მეზობლები ამბობენ, რომ წლებია ნარი კაჯაევა არ უნახავთ. მათი ინფორმაციით, ის თურქეთში მუშაობს.



შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანას. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.



ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.



Print