ახალი ამბები
ბორჯომში მაღაზიიდან საქველმოქმედო ყუთი მოიპარეს - საქმეს შსს იძიებს
ბორჯომში ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტიდან საქველმოქმედო ყუთი მოიპარეს. ყუთში მოქალაქეების მიერ თანხა, 8 წლის დავით ხადურისთვის გროვდებოდა. შშმ ბავშვს აქვს მრავლობითი თანდაყოლილი პათოლოგია, არის ჟანგბადდამოკიდებული, ვერ მეტყველებს, ვერ გადაადგილდება, აქვს გულის მანკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემები. საქველმოქმედო ყუთში შეგროვილ თანხას ოჯახი, ბავშვისთვის, ფსიქიატრის მიერ შერჩეული მედიკამენტების და პამპერსების შესაძენად იყენებდა, რისთვისაც მაღაზიას 2-3 თვეში ერთხელ აკითხავდა. ბავშვის დედამ მაია აბზიანიძემ ყუთი ბოლო დღეებში მას შემდეგ მოიკითხა, როცა მაღაზიაში განკუთვნილ ადგილას ის აღარ დახვდა.


„ყუთი ადგილზე რომ არ დამხვდა, მოვისაკლისე და მეპატრონეს მივწერე, რომ სადმე ხომ არ გადაადგილეთ მეთქი. დადუს მდგომარეობის გამო, ხშირად გარეთ გასვლას ვერ ვახერხებ. რომ მოიძია მეპატრონემ და ვერ იპოვა, შემდგომ კამერებში ვიდეო ვნახეთ. არ ვიცი ვინ არის თუმცა განაცხადი შევიტანე და იმედია იპოვიან!

თავიდან არ ვაპირებდი განაცხადის გაკეთებას, ვიფიქრე იქნებ ჩემზე მძიმედ ჰყავს ვინმე ან უჭირსთქო... მაგრამ, კადრები რო ვნახე, მივხვდი რომ მხოლოდ მე არ მომპარა ფული. იქ არსებული ყველა ბენეფიციარის ყუთი გადმოცალა, ისე მშვიდად რო ეჭვი არავის შეპარვია. ჩემი ყუთი დაკეტილი რომ დახვდა, გასაღების დაკარგვა მოიმიზეზა... კარგი მაშინ წავიღებო უთქვამს, მშვიდად ჩადო ჩანთაში და სხვა ყუთით შეცვალა! ამიტომ ვერ გავჩუმდებოდი, იგი სხვა ბავშვების ფოტოებითაც სარგებლობს და შესაძლოა, ოჯახებმა არც იციან რომ მათი შვილების ფოტოებით მანიპულირებს“ -
ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას მაია აბზიანიძე.


ტელეკომპანია „ბორჯომი“ ამბის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. ძალოვან სტრუქტურაში გვპასუხობენ, რომ ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.



მაია აბზიანიძე გვეუბნება, რომ 8 წლის განმავლობაში ვერ მუშაობდა. ბოლო პერიოდში ხატვა დაიწყო და ახლა ამის იმედად არის. საქველმოქმედო ყუთით შეგროვილი თანხა კი მათ ეხმარებოდა, ბავშვისთვის კვლევების ჩატარებაში, ფსიქიატრთან კონსულტაციასა და მედიკამენტების შეძენაში.


„შეურაწყოფილად ვგრძნობ თავს. ასე ცუდად მაშინ არ მიგრძვნია თავი, როცა მატერიალური დახმარება მჭირდებოდა. ბორჯომი სულ მედგა გვერდით და მეხმარებოდა... ახლაც აგრძელებდნენ თანადგომას, იქ ყოველი ლარის ჩაგდებით“ - გვეუბნება მაია აბზიანიძე.



8 წლის დავით ხადურის დედას, მაია აბზიანიძეს ჩვენ შევთავაზეთ გაეზიარებინა საბანკო ანგარიშის ნომრები, რათა მსურველებს ნებისმიერი თანხით გამოეხატათ მხარდაჭერა. რაზეც გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე ისინი საზოგადოებისგან დახმარებას არ ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისა და კვლევებისთვის მუდმივად სჭირდებათ ფინანსური დახმარება. მაია აბზიანიძე მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საკუთარი სურვილით გადაწყვეტს თანხის ჩარიცხვას.



გიზიარებთ საბანკო ანგარიშის ნომრებს:


GE57BG0000000154659300

GE86TB7779845061100018

მიმღები: მაია აბზიანიძე.


Print