სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო
21 წლის დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატის თქმით, სააპელაციომ აღკვეთის შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print