ეკატერინე ორჯონიკიძის შვილის დაჭრაში ბრალდებულებს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს
ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის შვილის დაჭრაში ბრალდებულ ძმებს
პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო
და მათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე
სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის
განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად,
მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ
ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.
კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში
დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ
გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის
ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას,
ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული
სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ
სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას
მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც
ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს
სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ
ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.