სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 000 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე, „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.


დოკუმენტის თანახმად, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. „ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.



ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, საქართველოში მიმდინარე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.


შეგახსენებთ, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.
Print