სამართალი
ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს.

ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print